სპორტი
18.11.2026 11:17
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა გამართა. რამაზ სვანაძის გუნდი უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა.

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ჩატარებული მატჩი ნომინალური მასპინძლების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

უკრაინასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი მოისწრაფიშვილის, გიორგი მაისურაძის და გიორგი გაგუას დებიუტი შედგა.

„ვცდილობდით, ყველა მატჩში პირველ ნომრად გვეთამაშა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები გვქონდა და ეს ფაქტია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც გუნდის შენება იწყება, ყველაფერი ბურთის ფლობიდან მოდის, საგოლე მომენტები კი ნელ-ნელა უნდა დაიხვეწოს. ამასთან, დაგვიბრუნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც შეგვმატებენ იმ ხარისხს, რაც განსაკუთრებით შეტევის დასკვნით ფაზაში გვჭირდება.

კრიტიკა იყო და ახლა კიდევ უფრო მეტი იქნება, რაც აუცილებლად უნდა მივიღოთ. როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი წარუმატებელი სერია აქვს, კონკრეტულად ერთ თამაშზე საუბარი ნაკლებად მიზანშეწონილია. ვთვლი, რომ დასრულდა ერთი დიდი ციკლი და მარტიდან სულ სხვა გუნდი უნდა ვიყოთ: განსხვავებული შემადგენლობით, შემართებითა და მენტალობით. წარსულის მიღწევებისთვის ყველას მადლობას ვუხდი, ეს ძალიან კარგი იყო, თუმცა დღევანდელი დღე და მომავალია ყველაზე მთავარი.

დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ისე გაგრძელდება, რომ გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა კვლავ იხილავს ისეთ ეროვნულ ნაკრებს, როგორიც ევროპის ჩემპიონატის დღეებში იყო, როცა მთელი საქართველო ერთიანი გახლდათ. ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთიანობა და გვერდში დგომა. შეცდომები ჩვენს პროფესიაში ჩვეულებრივი მომენტია და ეს ეხება ყველას - როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს. არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაფერი მეორეხარისხოვანია; მთავარია, თავიდან დავიწყოთ იმ გუნდის შენება, რომლის კონტურებიც უკვე არსებობს და რომლითაც ყველა იამაყებს“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში მოუწევს თამაში. ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ბელარუსის, კვიპროსის, ფარერის კუნძულებისა და ესტონეთის ნაკრებები არიან. წილისყრა 20 ნოემბერს გაიმართება, პლეი-ოფის შეხვედრები კი 2027 წლის მარტში ჩატარდება.

კვირის ამბები