
გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. სტადიონი აღიჭურვება განათების თანამედროვე სისტემით, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმა. გიორგი შონიასთან ერთად, მშენებლობის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე გაეცნენ. შეფასდა შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობა, სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის ტემპი და ხარისხი.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრს და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს.