საზოგადოება
17.11.2026 15:44
17 ნოემბერი საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მსოფლიო დღეა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 17 ნოემბერს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის და მისი აღმოფხვრის გზების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, საქართველოში, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მოსახლეობისთვის უფასოდ ხელმისაწვდომია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, სკრინინგისა და მკურნალობის სერვისები.

აღნიშნულისთვის, 2026 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით გასვლითი სკრინინგის კამპანია დაიწყო. ოქტომბრის მდგომარეობით, 275 აქციის ფარგლებში სკრინინგული კვლევა 4 600-ზე მეტმა ქალმა ჩაიტარა.

„საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციით, რეგულარული სკრინინგით, ასევე გამოვლენილი ცვლილებების დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით.

საქართველოში პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გეგმური ვაქცინაცია 10, 11 და 12 წლის გოგონებსა და ბიჭებში ტარდება. დამატებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინაცია უფასოდ ხელმისაწვდომია 13-დან 45 წლის ჩათვლით ქალებსა და  მამაკაცებში.

ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში. საქართველოში ხელმისაწვდომია 9-ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც პრეკვალიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უზრუნველყოფს ადამიანის დაცვას პაპილომავირუსის ყველაზე გავრცელებული და კიბოს გამომწვევი ტიპებისგან“,- აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები