საზოგადოება
17.11.2026 15:28
13 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 10 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა, მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე, 10 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 2,6 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია მილიონ ლარს აჭარბებს.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამამუშავებელი 10 საწარმოო იბარებს შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება შესაძლებელია 5 ობიექტზე: სოფელ ტყვიავში ორი მიმღები პუნქტი ფუნქციონირებს, 1 - კვარხითში, 1 - გარეჯვარში და 1 - გორში (შინდისის გზატკეცილი №17, საწარმო „კულა“).

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლში ფუნქციონირებს  საკოორდინაციო შტაბიც.

შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია. პროგრამაში ჩართვა კი შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს კი შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ქვეკომპონენტით, რომელიც არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის არის განკუთვნილი.

კვირის ამბები