
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პირველადი წარმოების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვის და გადამუშავების მიმართულებების პროექტების თანადაფინანსებას ითვალისწინებს, გრძელდება.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანს პირველადი წარმოების ზრდა, აგროსექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება და პროდუქციის შენახვა-გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნა-გაუმჯობესება წარმოადგენს.
პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: პირველადი წარმოების თანადაფინანსება; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება; შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის; შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის და სასაკლაოს მოწყობის თანადაფინანსება.
„პროექტით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. ამასთანავე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში“, - აცხადებენ სააგენტოში.