
გორის №4 და უფლისციხის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს და ვიზიტის ფარგლებში, გორის №4 საჯარო სკოლის მონახულებისას შეფასდა არსებული მდგომარეობა და განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები.
რაც შეეხება სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლას, როგორც ფონდში აღნიშნეს, მისი აღდგენის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ ეტაპზე შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
„პროექტების დასრულების შემდეგ, სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო ოთახები და ადმინისტრაციული სივრცეები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემები.
რეაბილიტაციის შედეგად სკოლებში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო შეიქმნება“, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში.