საზოგადოება
16.11.2026 11:35
17 ნოემბერს, გორის სპორტის სასახლე შიდა ქართლის რეგიონული ინტელექტჩემპიონატის შესარჩევ ტურს უმასპინძლებს

გორში, მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდების მონაწილეობით, შიდა ქართლის რეგიონული ინტელექტჩემპიონატის შესარჩევი ტური ჩატარდება.

ღონისძიებას გორის სპორტის სასახლე ხვალ, 17 ნოემბერს უმასპინძლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ​შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში - უმცროსი (VIII-IX კლასები) და უფროსი (X-XI კლასები) ასაკის მოსწავლეებს შორის გაიმართება.

„გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ჩემპიონატის შესარჩევი ტური 11:00 საათზე დაიწყება. შედეგად, თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში 5 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ინტელექტჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით მაისში გამართულ ინტელექტჩემპიონატის გამარჯვებული ოლეგ ჭონიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის სკოლის გუნდი გახდა; II ადგილი - ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის №1; ხოლო III ადგილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლების გუნდებმა (VIII-IX კლასები) დაიკავეს.

უფროსი ასაკობრივი კატეგორიის (X-XI კლასები) გამარჯვებული კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა გახდა; II ადგილი - გორის №2 საჯარო სკოლამ დაიკავა; III ადგილზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია გავიდა.

კვირის ამბები