
გორში ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება ჩატარდა.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, დიმიტრი ამილახვარის შვილიშვილი, კონსტანტინ კინსი, ადგილობრივი ხელისუფლების და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა საფრანგეთის ეროვნული გმირის, ფრანგული უცხოური ლეგიონის ქართველი ოფიცრის ხსოვნას პატივი მიაგეს და გამორჩეულ ცხოვრებაზე, სამხედრო კარიერასა და ისტორიულ ღვაწლზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა დიმიტრი ამილახვარის ბიუსტი, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას საჩუქრად გადაეცა. გაიმართა დიმიტრი ამილახვარის შესახებ წიგნის პრეზენტაციაც.
ღონისძიება საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მხარდაჭერით ჩატარდა.