13 ნოემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია პატივს მიაგებს 100 ათასი მოწამის ხსოვნას, რომლებმაც ჯალალ ედ-დინის შემოსევისას სარწმუნოების დაცვას შესწირეს სიცოცხლე.
1226 წელს ხვარაზმის სულთანი ჯალალ ედ-დინი თავისი ჯარით საქართველოს შემოესია. დამპყრობელს, ქართველი ხალხის გამუსლიმანების სურვილი ამოძრავებდა და ქრისტიანული სიწმინდეების წაბილწვას აიძულებდა, რასაც 100 ათასი ადამიანი შეეწირა, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარი სარწმუნოების შეურაცხყოფაზე.
ჯალალ ედ-დინმა შემოსევის დროს სიონის ტაძრის გუმბათის მონგრევისა და მის ნაცვლად საკუთარი ტახტის დადგმის ბრძანება გასცა. შემდეგ, მისივე ბრძანებით, სიონის ტაძრიდან მეტეხის ხიდზე გამოასვენეს ღვთისმშობლის და იესო ქრისტეს ხატები და ქალაქის მოსახლეობას მის გათელვას აიძულებდნენ. ის, ვინც უარს იტყოდა ქრისტიანობაზე და შეურაცხყოფდა ხატს, სიცოცხლეს შეინარჩუნებდა, დანარჩენებს კი თავს მოჰკვეთდნენ. ამ დღეს სარწმუნოების დაცვას ასი ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
ასეთი ფაქტი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 13 ნოემბერს - ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს.
ღვთისმსახურება 17:00 საათზე დაიწყება.