საზოგადოება
11.11.2026 17:08
გოგონები ტექნოლოგიებში - პროექტი 15-17 წლის ახალგაზრდებისთვის

კასპის და გორის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლე გოგონები საგანმანათლებლო პროგრამა „STEAM GIRLS“-ში ჩართვას შეძლებენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით და კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, 23 ნოემბრიდან 7-დღიანი პროგრამა დაიწყება, რომელიც მონაწილეებს მეცნიერების და ტექნოლოგიების სამყაროს გააცნობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგებსა და ლაბორატორიულ პრაქტიკუმებში, იმუშავებენ მენტორებთან, შექმნიან საკუთარ პროტოტიპებს და  მათ Demo Day-ზე (დასკვნითი ღონისძიება) წარადგენენ.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ კასპის და გორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 15–17 წლის გოგონებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 ნოემბერია. რაც შეეხება სწავლის პერიოდს, 23 ნოემბრიდან დაიწყება და 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. აქტივობები კასპის ტექნოპარკში ჩატარდება. მონაწილეთა ტრანპორტირება კი სრულად დაფინანსდება.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციას  შემდეგ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/rSDF8x შეძლებენ.

კვირის ამბები