საზოგადოება
11.11.2026 16:00
ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების გამო, იტალიის 300 სკოლაში მოსწავლეების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების გამო, იტალიის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რომში, მილანში, ტურინში, ნეაპოლსა და სიცილიაზე მდებარე სკოლებში მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

მთლიანობაში, ევაკუაცია განხორციელდა 300 სკოლაში.

იტალიის განათლების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებებმა მთელი ქვეყანა მოიცვა.

შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ,,მიხეილ ანდროპოვის“ სახელით გავრცელდა.

სამართალდამცველები და სპეცსამსახურები შენობების შემოწმებას და შეტყობინებების წყაროს დადგენას აგრძელებენ.

მომხდართან დაკავშირებით იტალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციისთვის, იტალიის სკოლებში გაგზავნილ შეტყობინებებს წინ უძღოდა ავიარეისების, სუპერმარკეტების და მედიასაშუალებების მისამართით გაგზავნილი ანალოგიური წერილები, სადაც ასევე ,,მიხეილ ანდროპოვის“ სახელით გაიგზავნა შეტყობინებები ბომბის არსებობაზე. აღნიშნულს უამრავი ავიარეისის გადადება ან თვითმფრინავების სხვა ქვეყნებში დაშვება და შემოწმება მოჰყვა.

მსგავსი შეტყობინებები დღესვე გაეგზავნა სკოლებს შოტლანდიაში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც.

კვირის ამბები