საზოგადოება
10.11.2026 10:57
საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, დევნილთა სააგენტომ შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხის და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სახლის იატაკის საფარი სრულად შეუცვალა, რომელიც მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელდა იატაკის სრული დემონტაჟი და კაპიტალური განახლება, სამუშაოების დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა გარემო პირობებიც:  გაკეთდა ჰიდროიზოლაცია და დათბუნება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ჩატარებული სამუშაოები ადგილზე  დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელი ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც შეხვდა. მინისტრმა მათთან ერთად  მნიშვნელოვანი საკითხები და დღის წესრიგში არსებული საჭიროებები განიხილა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სამინისტრო მუდმივად ახორციელებს დევნილთა დასახლებებში არსებული ვითარების მონიტორინგს და თითოეულ ახალ პროგრამას სწორედ ადგილობრივების საჭიროებების შესაბამისად გეგმავს.

შავშვების დასახლებაში, ასევე მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კვირის ამბები