
ხანდაზმულთა ცენტრის ბენეფიციართა მონაწილეობით, გორში ღონისძიება ჩატარდა.
კულტურული აქტივობა პროექტის - „ღირსეული სიბერე“ ფარგლებში გაიმართა. მონაწილეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მცირე თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ესწრებოდა.
„იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით 2018 წლიდან ახორციელებს. ინიციატივის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი, სოციალურად დაუცველი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების რესოციალიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობაა.
დღეისთვის ხანდაზმულთა ცენტრი 35 ბენეფიციარს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა საჭირო სერვისით, მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური კონსულტაციებით სარგებლობენ. ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით პროექტით სარგებლობა შეუძლიათ დევნილთა ჩასახლებებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებსაც“, - აცხადებენ გორის მერიაში.