
რა უნდა ვიცოდეთ ბოტულიზმის შესახებ და რა საფრთხეებს შეიცავს კონსერვირებული სურსათი - სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, კარგი გარეგნობიდ მიუხედავად, სახლში მომზადებული ან ნაყიდი მწნილი და კონსერვირებული სურსათი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოა. არასწორად მომზადებულ ან შენახულ სურსათში, უჟანგბადო (ანაერობულ) პირობებში, შესაძლოა, გამრავლდეს ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერია და წარმოიქმნას ტოქსინი, რომელსაც არც სუნი აქვს, არც გემო და არც ფერი.
„ბოტულიზმის განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია, რომ სურსათის სახლის პირობებში კონსერვირებისას დაიცვათ პროდუქტის კონსერვირებისა და სტერილიზაციის შესაბამისი წესები; არ გამოიყენოთ გაბერილი, დაზიანებული ან ჰერმეტულობადარღვეული ქილები; გახსნილი კონსერვი ყოველთვის უნდა გადაიტანოთ სუფთა ჭურჭელში და შეინახოთ მაცივარში.
თუ კონსერვის უსაფრთხოებაში ეჭვი გეპარებათ, არ გასინჯოთ, თუნდაც მცირე რაოდენობით. ჩვეულებრივი წამოდუღებაც უსაფრთხოების სრულ გარანტიას არ იძლევა.
ბოტულიზმის გამომწვევი ტოქსინი შეიძლება ისეთ პროდუქტშიც იყოს, რომელსაც გაფუჭების არანაირი გარეგნული ნიშანი არ ეტყობა.
ბოტულიზმის რისკის შემცველი პროდუქტებია: სახლში დამზადებული ბოსტნეულის კონსერვები - ბადრიჯანი, სტაფილო, წიწაკა, კიტრი, პომიდორი, ლობიო და დანდური, ასევე შებოლილი ძეხვი, შაშხი, ლორი, თევზი, თევზისა და ხორცის კონსერვები“, - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, ბოტულიზმი მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ძლიერი შხამი - ბოტულინის ტოქსინი. ბოტულინის ტოქსინი აზიანებს ნერვული სისტემის მუშაობას და, შესაძლოა, კუნთების, მათ შორის, სუნთქვასთან დაკავშირებული კუნთების პროგრესირებადი დამბლა გამოიწვიოს.