საზოგადოება
06.11.2026 13:24
გორში მოსწავლეებისთვის რობოტიკის მასშტაბური შეჯიბრი გაიმართება

7 და 8 ნოემბერს გორის სპორტის სასახლე რობოტიკის მასშტაბურ შეჯიბრს უმასპინძლებს.

საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლეები მიიღებენ.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მიმდინარე წლის საკონკურსო თემაა „რობორთველი“, ახალგაზრდებს რეალურ გამოწვევებზე დაფუძნებული საინჟინრო ამოცანების შესრულება მოუწევთ.

რაც შეეხება დაჯილდოებას, მონაწილეებს სერტიფიკატები და ტექნოლოგიური პრიზები, მათ შორის, რობოტიკის ნაკრებები და 3D პრინტერები გადაეცემათ. გამარჯვებულები კი საგანმანათლებლო ვიზიტით CERN-ში, შვეიცარიაში გაემგზავრებიან.

„კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეები LEGO Education SPIKE Prime რობოტებთან იმუშავებენ, ხოლო ფინალურ ეტაპზე მათ ახალი ტექნოლოგიური პლატფორმების და ZMROBO Innovation Storm რობოტიკის ნაკრებების გამოყენებითაც მოუწევთ გამოწვევებთან გამკლავება.

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინჟინერიის, პროგრამირების, ტექნოლოგიების და ინოვაციური აზროვნების განვითარებას“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის“ და „SICPA Security Solutions Georgia“-ს ორგანიზებით იმართება.

კვირის ამბები