
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 11 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ჩატარების ზუსტი თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. მასწავლებლებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა კი მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.
„11, 12, 13 და 14 იანვარს საგნის გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა 11:00 საათზე დაიწყება.
15 იანვარს უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის - დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილის გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 10:30 საათზე. ამავე დღეს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდებზე რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 13:30 საათზე.
რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებს, 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები განთავსებული იქნება მისამართებზე: თბილისის №147 საჯარო სკოლა (მის.: დიღმის მასივი, III კვარტალი); ქუთაისის №23 საჯარო სკოლა (მის.: არაყიშვილის ქ. №15) და ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის №1 საჯარო სკოლა (მის.: დემეტრე თავდადებულის ქ. №47)“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მსურველს გამოცდების დეტალური განრიგის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლია.
შეგახსენებთ, საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 ოქტომბერს დასრულდა. გამოცდისთვის სულ 3264 მასწავლებელი დარეგისტრირდა.