
ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა - საინფორმაციო კამპანიას, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით იმართება, სხვადასხვა ღონისძიებით საქართველოც უერთდება.
წელს, დაავადების ცნობადობის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარ კამპანიებს ინდივიდუალური სლოგანებით ატარებენ, ამდენად, რამდენიმე წამყვანი მიმართულება გამოიკვეთა:
„იმედი + ქმედება“ - ფოკუსირდება იმაზე, რომ მხოლოდ იმედი საკმარისი არ არის და საჭიროა აქტიური ნაბიჯები: სკრინინგი, კვლევები და პაციენტების მხარდაჭერა.
„შეუძლებელია უგულებელყო“ - ამ სლოგანით ხელმძღვანელობს ამერიკული წამყვანი ფონდი LUNGevity Foundation, რომელიც მიზნად ისახავს ფილტვის კიბოს თემის წინ წამოწევას.
„მიიღე გამოწვევა!“ - ადამიანებს მოუწოდებს, ყოველკვირეულად შეასრულონ კონკრეტული აქტივობები ცნობიერების ასამაღლებლად.
ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, ფილტვის თანმხლები ქრონიკული დაავადებები.
სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია, დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.