
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს (Georgian EMT-1) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კლასიფიკაცია ცენტრის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ თუ საგანგებო სამედიცინო მისიებში.
„კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტები და წარმატებული ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს“, - აცხადებენ უწყებაში.
სერტიფიკატი საქართველოს წარმომადგენლებს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, WHO-ს ორგანიზებულ EMT-ის მე-7 გლობალურ შეხვედრაზე გადაეცათ. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი და სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე ესწრებოდნენ.