
ფულის დახარჯვა ყოველთვის დიდი შენაძენებით არ იწყება. ხშირად, ყველაზე შეუმჩნეველი ხარჯები ყოველდღიურ ჩვევებში იმალება. დილით ერთი ფინჯანი ყავა, გზაში პატარა წასახემსებელი, დღის განმავლობაში რამდენიმე ონლაინ შეკვეთა, გამოუყენებელი გამოწერა, რომელსაც ყოველთვიურად თანხა ავტომატურად ერიცხება… ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი უმნიშვნელო ხარჯებია, თუმცა ამ „წვრილმანებმა“ შესაძლოა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი წაიღოს.
საფინანსო ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მოსაზრებით, ძალზე მცირე ყოველდღიურმა დანაზოგმა შესაძლოა, ჩვენი ყოველთვიური ხარჯები მნიშვნელოვნად შეამციროს და საერთო ჯამში, ბიუჯეტი უფრო მყარი გახადოს.
„გორის მაცნე" გიზიარებთ კვლევეის შედეგებს:
ყოველდღიური ყავა და მცირე შენაძენები
ერთი ყავა შეიძლება ძვირად არ გვეჩვენებოდეს, მაგრამ როდესაც მას ყოველდღიურად ვყიდულობთ, თვის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური თანხა გროვდება. იგივე ეხება წასახემსებლებს, გაზიან სასმელებს და სხვა მცირე შენაძენებს.
ონლაინ შოპინგი — ყიდვა, რომელიც ხშირად არც გვჭირდება
ზოგჯერ ნივთს მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ, რომ ფასდაკლება აქვს და არა იმიტომ, რომ ნამდვილად გვჭირდება.
გამოწერები, რომლებიც გვავიწყდება
ფილმების პლატფორმები, მუსიკალური სერვისები, აპლიკაციები და სხვადასხვა ფასიანი მომსახურება. რამდენი მათგანით სარგებლობთ რეალურად? შესაძლოა, ყოველთვიურად თანხას ისეთ სერვისებში იხდით, რომლებიც დიდი ხანია აღარ გამოგიყენებიათ.
საკვების მიტანა და დაუგეგმავი შეკვეთები
როდესაც დაღლილები ვართ, საკვების შეკვეთა ყველაზე მარტივი გამოსავალია. თუმცა მიტანის საფასური, დამატებითი მომსახურება და სპონტანური შეკვეთები საბოლოოდ გაცილებით მეტს გვიჯდება, ვიდრე თავიდან წარმოგვიდგენია.
ფასდაკლებები, რომლებიც ზოგჯერ მეტს გვახარჯინებს
„მეორე ნივთი საჩუქრად“, „მხოლოდ დღეს“ და „ბოლო შანსი“ - ეს შეთავაზებები ხშირად გვაიძულებს ისეთი ნივთების შეძენას, რომელთა ყიდვასაც სხვა შემთხვევაში არც კი დავაპირებდით.
ხარჯების გასაკონტროლებლად ექსპერტები ხშირად გვირჩევენ, ერთი თვის განმავლობაში ყველა ხარჯი აღვრიცხოთ - ყავის თანხიდან დაწყებული, მსხვილი შენაძენებით დასრულებული. სწორედ ასეთი დაკვირვება გვეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი ხარჯია აუცილებელი და რომელი - უბრალოდ ჩამოყალიბებული ჩვევა.