
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, ENQA-ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა.
„ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა მიზანი საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის და ცენტრის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა იყო.
მათი შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015).
ცენტრისთვის ENQA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისადმი საერთაშორისო დონეზე სანდოობისა და რეპუტაციის ამაღლებას“, - აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.