
სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯში კომპლექსური სარეაბილიტაცო სამუშაოებია დაგეგმილი.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუსიკო კოლეჯის შენობაში ინტერიერის, ფასადის აღდგენა და საკონცერტო დარბაზის განახლება, ასევე მუსიკალური განათლების თანაბრად ხელმისაწვდომის მიზნით, ინკლუზიური გარემოს სრული უზრუნველყოფა იგეგმება.
კომპლექსურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, მისი პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი გაეცნენ.
„კოლეჯის მრავალწლიანი საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად, ყველა იმ საჭიროების ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რაც არსებობს. სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გასაახლებელია, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია მოსწავლეებს ხარისხიანი სახელქარდიოვნებო განათლების მიღების და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. სახელოვნებო სასწავლებლებს თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებას და პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდას. შიდა ქართლის სამუსიკო და საჯარო სკოლების მუსიკის მასწავლებლების, ასევე, ხალხური და პროფესიული ანსამბლების შემსრულებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები არიან. სასწავლებლის ათეულობით საუკეთესო კურსდამთავრებულმა წარმატებით გააგრძელა სწავლა თბილისის და უცხოეთის კონსერვატორიებში. მრავალი მათგანი პედაგოგიურ საქმიანობას მშობლიურ სასწავლებელში დღესაც აგრძელებს.