
დედამიწაზე დრო თითქოს აჩქარდა - მეცნიერები პლანეტის ბრუნვის სიჩქარის ცვლილებებს აკვირდებიან. ბოლო წლებში დაფიქსირებულმა რეკორდულად მოკლე დღეებმა მკვლევარების ყურადღება მიიპყრო. რა იმალება ამ უჩვეულო მოვლენის უკან და შეიძლება თუ არა, რომ მომავალში დღე-ღამის ხანგრძლივობა შეიცვალოს?
დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას დაახლოებით 24 საათს ანდომებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს დრო ყოველთვის ზუსტად ერთნაირი არ არის. თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებულმა ზუსტმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ჩვენი პლანეტის ბრუნვის სიჩქარე პერიოდულად იცვლება.
განსაკუთრებული ყურადღება 2024 წლის 5 ივლისმა მიიპყრო. ამ დღეს დედამიწამ ერთი ბრუნი სტანდარტულ 24 საათზე დაახლოებით 1,66 მილიწამით ნაკლებ დროში შეასრულა. ეს ატომური საათებით დაკვირვების ეპოქაში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღეა.
მსგავსი ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. 10 ივლისს დღე, დაახლოებით, 1,37 მილიწამით მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე სტანდარტული 24 საათი.
რატომ აჩქარდა დედამიწა?
მეცნიერები ამ მოვლენას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. კერძოდ, დედამიწის ბრუნვაზე გავლენას ატმოსფეროს მოძრაობა, ოკეანეების დინებები, მთვარის მიზიდულობა და პლანეტის შიდა სტრუქტურაში მიმდინარე პროცესები ახდენს.
მკვლევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა დედამიწის ბირთვის და მანტიის ურთიერთქმედება. სწორედ ამ პროცესებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პლანეტის ბრუნვის სიჩქარის ცვლილებაში, თუმცა ყველა მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის.
„ბოლო მონაცემებით, მუდმივ აჩქარებაზე საუბარი არასწორი იქნებოდა. 2026 წელს დედამიწის ბრუნვის სიჩქარე კვლავ იცვლება, თუმცა წინა წლების რეკორდული მაჩვენებლები აღარ განმეორებულა და პლანეტა შედარებით შენელების ტენდენციას აჩვენებს, თუმცა, ეს ცვლილებები იმდენად მცირეა, რომ ადამიანი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ იგრძნობს. მიუხედავად ამისა, მილიწამების სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა აქვს სატელიტური ნავიგაციისთვის, კოსმოსური დაკვირვებების და თანამედროვე დროის აღრიცხვის სისტემებისთვის.
ერთი რამ ცხადია: მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად 24-საათიან დღე-ღამეს მივეჩვიეთ, ჩვენი პლანეტა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, გაცილებით რთულ და დინამიკურ პროცესებშია ჩართული“, - აღნიშნავენ მეცნიერები.