საზოგადოება
30.10.2026 15:01
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა

წინასწარი მაჩვენებლებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.0% შეადგინა, ხოლო 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდა 7.4%-ს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

„იანვარ-სექტემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6,153.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა კი 60.3%-ს გაუტოლდა.

ამასთან, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი, 3,796.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

არსებული მაჩვენებლების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2025 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, წინა წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით, 32.1%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები