დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყება, - ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასკოლო ფორმის შეძენა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სარეალიზაციო პუნქტებს, ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე იფუნქციონირებს.
გორში ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება ორ ლოკაციაზე: სავაჭრო ცენტრი „გარდენ მოლი“ (მის:. გორი, სამეფო ქ. №70) და შპს „საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი“ (მის:. გორი, ცხინვალის გზატკ. № 9).
სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალის ნახვა მსურველს შეუძლია ელექტრონული პლატფორმაზე: formebi.emis.ge/locations.
სასკოლო ფორმებთან და რეალიზაციის პუნქტებთან დაკავშირებული კითხვებისთვის კი უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 2 200 220.
შეგახსენებთ, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისგან; გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლის და 1 ქვედაკაბისგან. როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის პიჯაკის ფასი 45 ლარი, ხოლო შარვლის 25 ლარია.
ამასთან, მოკლე ქვედაკაბის ფასი 25 ლარით განისაზღვრა, 25 ლარი ღირს გრძელი ქვედაკაბაც.
სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა.