გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში ხელოვნების და ტრადიციული რეწვის უფასო სამთვიანი კურსები იწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს და დასაქმების მიღმა მყოფ ქალებს შეუძლიათ. მონაწილეები კერამიკის, თექაზე მუშაობის და ქართული ფარდაგების ქსოვის ტექნიკებს შეისწავლიან. კურსის დასრულების შემდეგ პროექტში ჩართულ პირებს სერტიფიკატები გადაეცემათ და მათი ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში გამოიფინება.
მსურველებს სარეგისტრაციო ფორმის შევსება ელექტრონულად გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ. განაცხადის გაკეთება 15 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პროექტში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე: 574 11 29 13.