„ტირიფონას ველის შევარდენი მგოსანი“ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში პოეტ აკაკი ბიძინაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიეძღვნილი პოეზიის საღამო ჩატარდა.
ღონისძიება ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორის ქეთევან ცერცვაძის, წამყვანი პედაგოგის თამარ მერებაშვილის ორგანიზებით გაიმართა და პოეტის ოჯახის წევრები, ნათესავები, სკოლის კურსდამთავრებულები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეკრებილებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, გაიხსენეს მასთან ერთად გატარებული წლები, შესრულდა მის ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც.
ღინისძიების დასასრულს, პოეტმა მონაწილეებს და სტუმრებს საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცა.
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი თხუთმეტამდე პოეტური კრებულის ავტორია: „ყური დამიგდე“, „ეს ორი ცრემლი“, „შენს თითებზე“, „ირაო“, „მე ახლა ისეთ სიმღერას ვმღერი“, „ლირიკა“, „გორის ციხიდან“, „ბროწეულის ყვავილები“, „მონოლოგები“, „გზაჯვარედინზე“, „მშობლიური მოტივები - 90“ და სხვ. მისი ლექსები ბულგარულ, რუმინულ, გერმანულ, რუსულ და ოსურ ენებზეა თარგმნილი. უცხოურიდან არაერთი ლექსი თარგმნა თავად პოეტმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მწერალთა კავშირმა, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აკაკი ბიძინაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
აკაკი ბიძინაშვილი 1936 წლის 25 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში დაიბადა. პოეტი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია აკაკი წერეთლის, გიორგი შატბერაშვილის და მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიებით, მიღებული აქვს „იაკობ გოგებაშვილის“ მედალი, „ღვაწლმოსილის“ და „ქართული პოეზიის რაინდის“ წოდება.