ესპანეთის დედაქალაქთან ახლოს მომხდარ სარკინიგზო ავარიას 70-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებული ათობით მგზავრი კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. შემთხვევა ესპანეთში გუშინ მოხდა, მადრიდიდან სევილიის მიმართულებით მიმავალი მატარებელი რელსებზე გაჩერებულ სხვა მატარებელს შეეჯახა.
სარკინიგზო ხაზზე მომხდარი ტრაგედიის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
რაც შეეხება ავარიის გამომწვევ მიზეზს, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სისტემურმა კომპიუტერულმა გაუმართაობამ მადრიდსა და სევილიას შორის სარკინიგზო ხაზის 63-კილომეტრიან მონაკვეთზე უსაფრთხოების სისტემის მუშაობაში შეფერხება გამოიწვია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ყველა მატარებელი ავტომატურად გაჩერდა, შემდეგ კი სისტემა ხელით მართვის რეჟიმში გადაიყვანეს, რა დროსაც დისპეტჩერს შეცდომა მოუვიდა და ჩქაროსნულ მატარებელს სევილიისკენ მოძრაობის გაგრძელების ნება დართო, სადაც აღნიშნული სარკინიგზო შემადგენლობა ამავე სალიანდაგო ხაზზე გაჩერებულ სხვა მატარებელს შეეჯახა.
მომხდარი ტრაგედიიდან ამ დრომდე, მადრიდში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც მომიტინგეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მადრიდის მთავრობის სახლის შენობასთან, წუხელ რამდენჯერმე მოხდა შეტაკება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. პოლიციამ შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.