საზოგადოება
16.10.2026 14:42
„სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდისათვის რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და შესაბამისი სერტიფიკატის უმოკლეს ვადაში მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გამოცდისთვის რეგისტრაცია ვებგვერდზე - www. online1.naec.ge დღეიდან (16 ოქტომბერ) დაიწყო და 26 ოქტომბრის 09:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდა კი 28 ოქტომბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მონაწილეებს გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ როგორც სრულად, ისე ცალკეული კომპონენტების მიხედვით. სრული ტესტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა 3 წელია. აღნიშნული სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს არაერთი უმაღლესი სასწავლებლის მიერ და ასევე, გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზაციაში კადრების შერჩევისა და შეფასების პროცესში.

„სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდა ელექტრონულ ფორმატში, თვეში ორჯერ ტარდება და სრულად შეესაბამება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. ტესტი ენის ცოდნის დონეს საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად განსაზღვრავს.

მორიგი ტესტირება 11 ნოემბერს არის დაგეგმილი, რომლისთვისაც რეგისტრაცია 29 ოქტომბერს 09:00 საათიდან დაიწყება და 9 ნოემბერს 09:00 საათზე დასრულდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მსურველებს გამოცდის საფასურის და გადახდის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.
კვირის ამბები