დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში
2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი; იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარადგინონ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში დაბადების მოწმობა; არასრულწლოვნების შემთხვევაში, დამატებით საჭიროა ორივე მშობლის, მათ შორის დევნილის სტატუსის არ მქონე მშობლის თანხმობა (წერილობითი თანხმობის ფორმაზე ხელმოწერა ხდება იუსტიციის სახლში განაცხადის შევსებისას); ოჯახის რომელიმე წევრის ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, სადაც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.
განაცხადის მიღების შემდეგ, დევნილთა სააგენტოს შესაბამისი სამსახური შემოსულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს, რის შემდგომაც განხორციელდება მონიტორინგი. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს კომპენსაცია „ლიბერთი ბანკის“ პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობა საბიუჯეტო რესურსის შესაბამისად განისაზღვრება.
„ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული.
ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა და მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი უკვე გამოიყო, მომდევნო წლებში კი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ფულადი კომპენსაცია პარალელურ რეჟიმში გაიცემა და არ შეაფერხებს არსებული, წარმატებული პროგრამების მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.