საზოგადოება
15.10.2026 14:00
1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, შიდა ქართლში თევზჭერის წესების დარღვევის და უკანონო თევზჭერის 32 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, შიდა ქართლში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 32 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 462 ფაქტია გამოვლენილი. მათგან 232 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები კი, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

„ბრაკონიერები, ხშირ შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ კი 460 კგ-ს გადააჭარბა.

უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია პრევენცია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება სტატისტიკას, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 96 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში. 83 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 63 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 52 - ქვემო ქართლში, 45 - კახეთში, 32 - შიდა ქართლში, 14 - გურიაში, 11 - აჭარაში, 10 - სამცხე-ჯავახეთში. 41 ფაქტი კი, გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 15 ფაქტი გამოავლინეს.
კვირის ამბები