თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს. ასევე, საქართველოს მოქალაქეებს 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად.
საკონტრაქტო სამსახურში მიიღებიან წვევამდელთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხული პირებიც, რომლებმაც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი უკვე გაიარეს.
უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, სამედიცინო მომსახურებით, დაზღვევით, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებით.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით: რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 2463 ლარს (დარიცხული).
პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე ერთჯერადი დანამატის სახით მიიღებს 8 000 ლარს (ხელზე ასაღები); ასევე, მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ: 2-წლიანი კონტრაქტისას - 6 000 ლარს (ხელზე ასაღები) და 4-წლიანი კონტრაქტისას - 16 000 ლარს (ხელზე ასაღები).
„სამხედროს აქვს პროფესიული და კარიერული განვითარების, უცხო ენების შესწავლის, საზღვარგარეთ საკარიერო კურსების გავლის შესაძლებლობა. სამხედროები დაეუფლებიან დამატებით პროფესიებს თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში ან სამინისტროს დაფინანსებით, სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში.
საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული პირები გადანაწილდებიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, - აცხადებენ უწყებაში.
საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე -onlinebct.mod.gov.ge ასევე, იუსტიციის სახლებსა და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრებში (გორი, სუხიშვილის ქ. 2ა).
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომრებზე: 500 11 77 11; 500 11 88 11.