სპორტი
15.10.2026 12:32
გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ საერთაშორისო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს
თავისუფალ ჭიდაობაში გამართული მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის (ახალგაზრდებს შორის) - გიორგი ხინჩეგაშვილის მეათე მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გორელთა გუნდური გამარჯვებით დასრულდა.

შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს და პრიზიორებს, გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები თორნიკე დვალიშვილი (45 კგ.), ზურაბ დოთიაშვილი (55 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (60 კგ.) და ზუკა წინამძღვრიშვილი (71 კგ.) გახდნენ. გიორგი ქარელმა (55 კგ.) და ავთანდილ კახიაშვილმა (110 კგ.) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. დავით ბრეგვაძემ (80 კგ.) და ანდრია დოიჯაშვილმა (92 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

გამარჯვებულები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ დააჯილდოვა. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

გიორგი ხინჩეგაშვილი გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის აღზრდილი, ახალგაზრდებს და ჭაბუკებს შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო. სპორტსმენი 1999 წელს გარდაიცვალა. მემორიალურ ტურნირს კი საფუძველი 2016 წელს, ღვაწლმოსილი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ინიციატივით ჩაეყარა.
კვირის ამბები