საზოგადოება
15.10.2026 10:41
ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტ „ტრიკაფტა“-ს ბენეფიციარებისთვის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება
პროგრესირებადი, გენეტიკური დაავადების ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება, - ინფორმაციას აღნიშნულის შეახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პრეპარატი უშუალოდ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე მოქმედებს, ფილტვების ფუნქციებს აუმჯობესებს, დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს. მედიკამენტი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს.

„პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს. ფასდება ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა. პროცესი მკურნალობის უსაფრთხოდ დაწყებასა და შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობის დაგეგმვას ემსახურება.

„ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვანდ აუმჯობესებს.

სამინისტრო ეტაპობრივად აფართოებდა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ მომსახურებებს და მედიკამენტების ჩამონათვალს. 2025 წელს პროგრამას დაემატა საინჰალაციო პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, ასევე გაიზარდა სტაციონარული მომსახურების დაფინანსება“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.

ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება და პაციენტებში ხშირია სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციები.
კვირის ამბები