გორის მუნიციპალური ინსპექცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს
გორის მუნიციპალური ინსპექცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და დეზინფორმაციის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ა(ა)იპ „გორის მუნიციპალური ინსპექციისთვის“ რეპუტაციული ზიანის მიყენება.
,,გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანია მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ა(ა)იპ „გორის მუნიციპალური ინსპექციისთვის“ რეპუტაციული ზიანის მიყენება. ა(ა)იპ „გორის მუნიციპალური ინსპექცია“ თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის სრული დაცვით, ხოლო მის წინააღმდეგ წამოწყებული დამაზიანებელი კამპანია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას. საჭიროა განიმარტოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16 წლის ასაკიდან პირს ეკისრება ვალდებულება, M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას გადაიხადოს მგზავრობის საფასური. ასევე, კონტროლიორის მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქეებს ეკისრებათ ვალდებულება, მიაწოდონ შესაბამისი მონაცემები, რათა მოხდეს პირის იდენტიფიცირება და მგზავრობის საფასურის გადახდის ფაქტის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე უარს აცხადებს პირადი მონაცემების მიწოდებაზე, კონტროლიორი უფლებამოსილია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მათი დახმარებით მოხდეს პირის იდენტიფიცირება და შესაბამისი საჯარიმო ოქმის შედგენა (სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულ საკითხზე არცერთი არასრულწლოვნის მშობელს არ მოუმართავს განცხადებით ან საჩივრით გორის მუნიციპალური ინსპექციისთვის. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა მხრიდან არანაირ სამსახურებრივ გადაცდომას ან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. კატეგორიულად ვემიჯნებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.