14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა (კვართის დღესასწაული) აღინიშნება.
მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა აღსაყდრების ადგილია. ასევე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავია.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმიდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც აღინიშნება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
1991 წლიდან, 14 ოქტომბერი ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.