საზოგადოება
13.10.2026 16:09
1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, შიდა ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შიდა ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტია გამოავლენილი. მათ შორის, 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა კი, დაახლოებით, 2 015 753 ლარია.

„ყველაზე მეტი - 16 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში. 15 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 13 - კახეთში, 12 - მცხეთა-მთიანეთში, 10 - ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, 7 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 - შიდა ქართლში, 2 - სამცხე ჯავახეთში, 1 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეულია 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
კვირის ამბები