საზოგადოება
13.10.2026 13:36
უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, საკუთარი შედეგის გაცნობა აბიტურიენტებს ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში, საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.

რაც შეეხება სტატისტიკას, ცენტრის ინფორმაციით, მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა სულ 2 019 აბიტურიენტი, რომელთაგან უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 350-მა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა 866-მა აბიტურიენტმა. მათგან 331 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა, ხოლო 535 - კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 466-მა აბიტურიენტმა, მათ შორის, 278-მა - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო 188 აბიტურიენტმა - კერძო პროფესიულ სასწავლებლებში.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება 18-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

2026 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება, ჯამში, 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით,უმაღლესი განათლების რეფორმის გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად განხორციელდა.

ინიციატივის მიზანი იყო ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვეს.
კვირის ამბები