საქართველოს კულტურის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების XIII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია, იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იში ძუკა ჰიდეკი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე ესწრებოდნენ.
წელს, ფესტივალი, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს ეძღვნება და 24 ქვეყნიდან 85 ანიმაციური ფილმი იქნება წარმოდგენილი.
საფესტივალო პროგრამა კი ფილმების ჩვენებებს, მასტერკლასებს, სემინარებს, გამოფენებს და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანთა განვითარებასა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავებას.
შეგახსენებთ, ფესტივალის ორგანიზატორია ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა; მხარდამჭერები - საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, გორის მუნიციპალიტეტის მერია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია.
ანიმაციური ფილმების XIII საერთაშორისო ფესტივალი 11 ოქტომბერს გაიხსნა და 16 ოქტომბერს დასრულდება.