საზოგადოება
08.10.2026 15:46
150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ტანას აღკვეთილში, ველურ ბუნებაში გაუშვეს

გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ტანას აღკვეთილში, 150 ფრთა გნოლი და 150 ფრთა კაკაბი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ღონისძიებაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტს საჩუქრად ფრინველები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა და როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიების მიზანია გნოლისა და კაკბის პოპულაციების გამრავლება, მათი ბუნებრივ გარემოში გავრცელება და ველური ფაუნის მრავალფეროვნების ხელშეწყობა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრინველების ბინადრობისა და გამრავლებისთვის შესაბამისი ბუნებრივი გარემოა და აღნიშნული ღონისძიებაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ბუნებრივი გარემოს მდგრად განვითარებას, ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, წლებია, უნიკალური ფრინველების გამრავლებას და შემდგომ მათ ველურ ბუნებაში გაშვებას აფინანსებს. მათი ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი გავრცელდა“, - აღნიშნეს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში.

ვიდეო:
Facebook - https://www.facebook.com/share/v/1EupigcL87/
Youtube - https://www.youtube.com/watch?v=1VScSW7_LSo

კვირის ამბები