სპორტი
07.10.2026 14:58
გორში გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალური ტურნირი გაიმართება
გორი, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის (ახალგაზრდებს შორის) - გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი 10-11 ოქტომბერს ჩატარდება. ორთაბრძოლები 10:00 საათიდან დაიწყება და გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.

შეჯიბრში 2010-2011-2012 წწ. დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.

მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან. საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეეცემათ. გარდა ამისა, საუკეთესო შედეგების მიხედვით, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული ქალაქების გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის თანამშრომლობით ჩატარდება.

გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირს საფუძველი 2016 წელს, ღვაწლმოსილი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ინიციატივით ჩაეყარა. შეჯიბრი წელს მეათედ ტარდება.
კვირის ამბები