საზოგადოება
06.10.2026 16:45
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში მცირე ზომის წყალსაცავის მოწყობა იგეგმება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, მდინარე ბერშოულაზე, მცირე ზომის წყალსაცავის მოწყობა იგეგმება.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ბერშუეთში იმყოფებოდა და ადგილზე არსებული ვითარება, სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობები განიხილა.

როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, კომპანია აქტიურად იკვლევს როგორც ახალი წყალსაცავების მოწყობის, ისე ადრე შეჩერებული ან ამორტიზებული ობიექტების აღდგენისა და ექსპლუატაციაში დაბრუნების შესაძლებლობებს.

„გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის რესურსების აკუმულირება და მარაგების შექმნა, რათა ჩვენი ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილური და საიმედო გახდეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მცირე ზომის რეზერვუარებისა და წყალსაცავების მოწყობა, რომლებიც, განსაკუთრებით გვალვის პერიოდში, უზრუნველყოფენ სარწყავი წყლით მომარაგებას. ამ მიზნით „საქართველოს მელიორაციამ“ ფართო კვლევები დაიწყო. განვიხილავთ როგორც გასული საუკუნის ბოლოს შეჩერებული პროექტების აღდგენის შესაძლებლობას, ასევე ვარჩევთ ახალ ადგილებს, სადაც პატარა რეზერვუარების მოწყობა იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს წყალუზრუნველყოფილი ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერას და მათი სარწყავი წყლით უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ხოლო სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მდინარე ბერშოულაზე მცირე ზომის წყალსაცავის მოწყობის შემთხვევაში, ობიექტი მიმდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა.

კვირის ამბები