„25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ - კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) საგრანტო კონკურსი „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამოაცხადა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, პროგრამა განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც მუშაობენ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე და შიდა ქართლის რეგიონში ეწევიან ან გეგმავენ ეკონომიკურ საქმიანობას. პროგრამის მიზანი კი რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება და ამ სფეროში სტარტაპების შექმნაა.
„კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები ელექტრონული პორტალის grants. gov.ge მეშვეობით ბმულზე: shorturl.at/09O5N მიიღება. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა კი 2 ნოემბერია.
რაც შეეხება მონაწილეობას, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკური და იურიდიულ პირს, ვინც მუშაობს ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, არის შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, ან აპირებს დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.
ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში კი, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი სხვა რეგიონში გადაიტანოს.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით grants @gita. gov. Ge“, - აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.