გორის №9 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026-ის მესამე ადგილის მფლობელი გახდა
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა სასკოლო კონკურსის - ნიკო კეცხოველის პრემია 2026-ის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში სკოლების ეკოკლუბები მონაწილეობდნენ. მიმდინარე წლის საკონკურსო თემა კი - „სიცოცხლის წყარო“ იყო. ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 27 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურის და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს. გამარჯვებულ სკოლებს სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის ფულადი პრიზები გადაეცათ.
საზეიმო ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი კულმინაცია CENN-ის მიერ ნანა ჯანაშიას სახელობის სტიპენდიის დაფუძნება იყო და სტიპენდიის ერთ-ერთი მფლობელი გორის №9 საჯარო სკოლის პედაგოგი და კლუბის - „მეტამორფოზა“ ხელმძღვანელი ლელა ბედოშვილი გახდა.
„უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და გულშემატკივრებს დაუღალავი შრომის და გარემოზე ზრუნვისთვის! აღნიშნული ფულადი ჯილდო მოხმარდება ჩვენი სასკოლო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას და განვითარებას“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის - მწვანე კავკასია ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.