კულტურა
05.10.2026 11:56
7 ოქტომბერს გორში თეატრალური ფესტივალი გაიხსნება - გაეცანით აფიშას
7 ოქტომბერს გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ გაიხსნება.

პროექტის ფარგლებში, გორის გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სხვადასხვა თეატრს უმასპინძლებს და როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მაყურებელი შვიდი დღის განმავლობაში საუკეთესო და გამორჩეულ სპექტაკლებს იხილავს.

როგორც ცნობილია, ფესტივალი - „როტონდა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით ტარდება და მაყურებელს 13 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

რაც შეეხება აფიშას, 7 ოქტომბერს ფესტივალს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით - „ბაკულას ღორები“ (რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი) გახსნის.

8 ოქტომბერს თბილისის კამერული თეატრი სასცენო ხელოვნების მოყვარულებს სპექტაკლს - „კაცია ადამიანი?!“ (რეჟისორი გიორგი თენაძე) შესთავაზებს.

8 ოქტომბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზრდ მაყურებელთა თეატრი „მაგდანას ლურჯას“ (რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე) ჩვენებას გეგმავს.

9 ოქტომბერს „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ (რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი) ითამაშებენ ახმეტელის თეატრის მსახიობები.
10 ოქტომბერს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი „დარისპანის გასაჭირს“ (რეჟისორი ანდრო ენუქიძე) წარადგენს.

11 ოქტომბერს პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი სპექტაკლს - „იქაური აქაურები“ (რეჟისორი პაატა გულიაშვილი) ითამაშებს.

11 ოქტომბერს გორის გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და თელავის ვ. ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთობლივი ნამუშევრით - „შუშანიკი“ (რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე) წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

12 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრი „უჩინმაჩინის ქუდს“ (რეჟისორი ციცინო კობიაშვილი) წარადგენს.

13 ოქტომბერს ფესტივალს მასპინძელი - გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სპეტაკლით - „ძუნწი“ (რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი) დახურავს.

13 ოქტომბერს, ასევე, გორის თეატრის ეზოში საზეიმოდ გაიხსნება მსახიობ ფატი ფულარიანის ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 182-ე თეატრალურ სეზონს 7 ოქტომბერს გახსნის.
კვირის ამბები