საზოგადოება
01.10.2026 13:30
შიდა ქართლში, მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევები ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლების - სამწვერისის და თაგვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირდა. მოქალაქეები თევზჭერას საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების, ე.წ. ოჩხების გამოყენებით ახორციელებდნენ.

„სამართალდარღვევების აღკვეთის შედეგად, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯამში, 9 ერთეული ე.წ. ოჩხი ამოიღეს.

საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, წყლის ეკოსისტემას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს, ასევე, დიდი რაოდენობით თევზის უკანონო მოპოვებას, ზრდის სხვადასხვა სახეობის და ზომის თევზის არასელექციური მოპოვების რისკს. შედეგად, ზიანდება ბუნებრივი პოპულაციები და მათი გამრავლების შესაძლებლობები. ამასთან, მდინარის კალაპოტში დატოვებული საბურავები დამატებით ნარჩენს და დაბინძურების წყაროს წარმოადგენს.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ უწყვეტ პატრულირებას, რომ დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა“, - აღნიშნეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

2026 წლის 8 თვის მონაცემებით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, თევზჭერის წესების დარღვევის და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 სამართალდარღვევა შიდა ქართლში დაფიქსირდა.
 
 
კვირის ამბები