საზოგადოება
01.10.2026 11:29
1-ელი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
1-ელ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ხანდაზმულთა უფლებების, მათი პრობლემებისა და იმ უდიდესი წვლილის შესახებ, რომელიც მათ შეაქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

წელს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა: „სიცოცხლის გახანგრძლივება ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვისა და ზრუნვის სისტემების გაუმჯობესებით“ და როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, ჯანმრთელ დაბერებაზე გავლენას სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილი ბიოლოგიური, ქცევითი, სოციალური და გარემოს ფაქტორები ახდენს.

„გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2021–2030 წლები ჯანმრთელი დაბერების ათწლეულად გამოაცხადა, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ასაკისა და დაბერების მიმართ დამოკიდებულებების და ქცევების შეცვლა; ხანდაზმული ადამიანების შესაძლებლობების მხარდამჭერი გარემოს და თემების განვითარება; ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული, ადამიანზე ორიენტირებული ინტეგრირებული ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა; საჭიროების მქონე ხანდაზმული ადამიანებისთვის ხარისხიანი ხანგრძლივი მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2026 წლის თემის შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და სოციალური სისტემების ისეთი განვითარება, რომელიც პასუხობს ხანდაზმული ადამიანების საჭიროებებს, უფლებებს და ხელს უწყობს ჯანმრთელობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1990 წლის 14 დეკემბერს დააარსა. თარიღი პირველად 1991 წლის 1-ელ ოქტომბერს აღინიშნა და მას შემდეგ მსოფლიო ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
კვირის ამბები