საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება - საფეხბურთო მატჩი დღეს ჩატარდება
უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საფეხბურთო მატჩი დღეს, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩატარდება.
მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ biletebi .ge-ზე შეუძლიათ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგი ვილი სანიოლი შეცვალა.
ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა სანიოლს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ ყოვლისა, მსურს, ვილი სანიოლს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. ასევე იმისთვის, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასევე მინდა ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის იყო და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. ეს ნდობა შემთხვევით არ მოსულა, რადგან ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება — ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად მე, ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით.
უახლოეს მატჩებში ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და სწორი ემოცია იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი მიმართული იქნება ამის გამოსწორებისკენ.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ორი მწვრთნელი დღეს ჩემთან ერთად არის - გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი, და ბონდო გოცირიძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე მოახლოებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა იქნება სტაბილურობის მიღწევა — სტაბილურობის, რომელიც აისახება როგორც საფეხბურთო ხარისხში, ისე შედეგებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ამ წუთას სწორედ ეს არის — მივაღწიოთ სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომებისა და სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მიღწევადია.
ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც სადღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავახარებთ ქომაგებს, როგორც მაშინ გავახარეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით“, - აღნიშნა რამაზ სვანაძემ.