25.09.2026 10:57
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება - საფეხბურთო მატჩი დღეს ჩატარდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველ შეხვედრას დღეს, 25 სექტემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საფეხბურთო მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და „დინამო არენა“ უმასპინძლებს. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. თუმცა უეფა-ს სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში გამონაკლისის სახით 14-წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დაშვებას ითვალისწინებს. შესაბამისად, უეფა-სთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, მატჩზე მოიწვიოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები, რომლებიც ბილეთს საჩუქრად მიიღებენ.
„ბოლო რამდენიმე კვირა და თვე გარკვეულწილად რთული იყო, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა. ვგულისხმობ ოთარ კიტეიშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშეს და საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონიათ. ასევე, ოთარ კაკაბაძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ.
ისინი მნიშვნელოვანი, საკვანძო ფეხბურთელები არიან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთა ლიგისა და ამ ოთხი მატჩისთვის მომზადება მარტივი არ ყოფილა. თუმცა, მთელი კვირის განმავლობაში ფეხბურთელებმა შესანიშნავი მოტივაცია და თავდადება აჩვენეს.
იმედი მაქვს, ამას მოედანზეც გადავიტანთ და კარგ თამაშს ჩავატარებთ“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

