გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ბალაშვილი დაინიშნა.
კლუბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის სპეციალისტს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და გუნდის დაარსების დღიდან სამწვრთნელო შტაბის წევრია.
„გიორგი ბალაშვილი წარმატებული გორელი ვეტერანი ფეხბურთელია, რომელსაც კარიერის ძირითადი ნაწილი გორის „დილას“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მაისურით აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, 1998-1999 წლებში ეროვნული ნაკრების მაისურითაც უთამაშია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, „გორის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ლევან ჯოხაძე იკავებდა, რომელმაც კლუბი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.