საზოგადოება
18.09.2026 11:24
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი“ ჩატარდა
გორმა „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო და ლაბორატორიული შოუები, შემეცნებითი აქტივობები, საგანმანათლებლო რესურსების და სამეცნიერო პროექტების გამოფენები გაიმართა.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ქიმიურ და ფარმაცევტულ ექსპერიმენტებში, პირველადი სამედიცინო დახმარების და ქირურგიული კერვის ვორქშოფებში, ასევე გასცნობოდნენ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებული არქეოლოგიური ველი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აქტივობები, კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები, შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული ძეგლების ფოტომასალა და პროფესიული კოლეჯების სტუდენტთა ნამუშევრები.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართა CERN-ის STEM მასტერკლასები მოსწავლეებისთვის. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და „ჰორიზონტი ევროპის“ კვლევის და ინოვაციის პროგრამის ძირითად მიმართულებებს.

„მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მისი მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„აღნიშნული ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით 16 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. ღონისძიების მიზანი მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების პოპულარიზაცია, სამეცნიერო საქმიანობაში ახალგაზრდების ინტერესის, ჩართულობის ზრდა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მეცნიერების როლის წარმოჩენაა“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები